
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
„პირველ რიგში, მინდა, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება, 30 წელია, ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის აშშ ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
„როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა და სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მე მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, დავით ზალკალიანის შემცვლელიც დაასახელა. მისი განცხადებით, ამ თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი დაიკავებს.
ილია დარჩიაშვილი სიღნაღში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს იგივე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; გრენობლის ბიზნესის სკოლა (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2011 წელს.
2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად; 2004-2006წწ. ს/ს ბანკ "რესპუბლიკის" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012წწ. ს/ს ბანკ "რესპუბლიკის"(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.